Sunday, June 3, 2018

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. თითქმის არ არსებობს დღე, რომ სოციალურ ქსელს არ ვესტუმრო, ან სიახლეებს არ გავეცნო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის სახლისა თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე.
21-ე საუკუნის მასწავლებელი აუცილებელია იცნობდეს და ფლობდეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა შეძლოს ეფექტური და საინტერესო გაკვეთილის ჩატარება, გააღვიძოს მოსწავლეთა ინტერესი; ამა თუ იმ თემის შესწავლა იყოს არა მოსაწყენი და ერთფეროვანი, არამედ ძალიან საინტერესო და სახალისო.
მრავალი მეთოდი არსებობს იმისათვის, რომ პედაგოგმა ისტ გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში. მაგალითდ, პრეზენტაციები, ცნების რუკები, ვიდეო, გრაფიკული თუ აუდიო ფაილები.
ასეთი მიდგომა მოსწავლეთა განვითარების თითქმის ყველა ასაკში მისაღები და აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ხშირი გამოყენება გაკვეთილზე დიდ მნიშვნელობას იძენს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით -  გამოწვევის ფაზაზე.
მოგახსენებთ, რომ როდესაც მე-4 კლასში ბუნებისმეტყველებაში გვქონდა გაკვეთილი გლობუსი, გამოვიყენე Google-ის ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი Google Earth. მისი საშუალებით იქმნება ილუზია, თითქოს დედამიწას ვუყურებთ კოსმოსიდან, დავათვალიერეთ დედამიწის ფორმა, ფერი, გარეგნული იერსახე. მოსწავლეებმა შეძლეს ამოეცნოთ კონტინენტები, ოკეანეები; იპოვეს საქართველო. ვირტუალურად ვიმოგზაურეთ პარიზში, რომში, ნიუ-ორკსა თუ ლონდონში.
მოვახდინე შედარება გლუბუსის ნახვისა და ამ პროგრამის საშუალებით გამოწვეულ ბავშვების ემოციას შორის. დამერწმუნეთ განსხვავება ნამდვილად დიდი იყო. მოსწავლეებს უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ დედამიწის მოდელზე. წამოიდგინეს, რომ კოსმოსში გაფრინდნენ და იქიდან აკვირდებოდნენ დედამიწას. გამოიყენეს ფანტაზია და აღფრთოვანებით საუბრობდნენ თავიანთი წარმოსახვის შესახებ.
ამ ასაკის ბავშვებში ფანტაზიის გაღვივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იგი განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აქტივობას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
დაწყებითი კლასების სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მათი შემეცნებითი პროცესების თავისებურებანი, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონირების თავისებურებებით. მარჯვენა ჰემისფერო მართავს სხეულის მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ჰემისფერო კი  - მარჯვენას. გამოყოფილია თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონირების სამი ტიპი:
Ø  არ არის მკვეთრად გამოხატული რომელიმე ჰემისფეროს დომინირება;
Ø  დომინანტურია მარცხენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკურ და ვერბალურ აზროვნებაზე, აბსტრაგირებაზე, განზოგადებაზე, წერაზე, კითხვასა და ზეპირ მეტყველებაზე;
Ø  დომინანტურია მარჯვენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია თვალსაჩინო-ხატოვან აზროვნებაზე, ფანტაზიასა და შემოქმედებითობაზე.
მარჯვენა ჰემისფეროს მომწიფება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ბავშვებთან 9-10 წლის ასაკამდე დომინანტურია მარჯვენა ნახევარსფერო. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სწავლებისას არ უნდა მოხდეს მარცხენა ჰემისფეროს გადატვირთვა. ეს მიგვიყვანს ქრონიკულ ინტელექტუალურ სტრესთან.
სწორედ ამ ფაქტორების, კვლევებისა და ფსიქოლოგების რჩევების გათვალისწინებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან აუცილებელია ამ კუთხით მუშაობა, ფანტაზიის განვითარება სხვადასხვა მეთოდებით და მათ შორის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით.
ახლა კომპიუტერისა და ინტერნეტის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობის შესახებ მინდა მოგითხროთ. ესაა საძიებო სისტემები, როგორიცაა Google, Yahoo, Bing, Aol, Search.com და სხვა. ნებისმიერ პედაგოგს, რომელიც ელემენტარულ დონეზე მაინც ფლობს ტექნოლოგიებს, შეუძლია უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოიძიოს, გაამრავალფეროვნოს გაკვეთილის გეგმა, გადმოიწეროს სხვადასხვა რესურსი. ხშირად ბიბლიოთეკაში ჭირს მოძებნო საჭირო თემა თუ საკითხი, მაგრამ ინტერნეტი და საძიებო სისტემები პედაგოგს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს აძლევს. მასწავლებლის მიერ დამატებითი ინფორმაციის  გადაცემისას მოსწავლეები უფრო მეტ დაინტერესებას გამოხატავენ. ასევე, შესაძლებელია სურთების გადმოწერა და მათი საშუალებით პრეზენტაციების დამზადება. ეს კი ისევ და ისევ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის არის აუცილებელი.
საკმარისია მასწავლებელი დაჯდეს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან და შევიდეს ნებისმიერ ბრაუზერში, როგორიცაა მაგალითად, Google Chrome, Mozilla Firefox, Opera, Safari ან Internet Explorer, სამისამართო ველში ჩაწეროს www.google.com და გაიხსნება ის საოცარი გვერდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიოთ და ჩვენ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გავხადოთ.
მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ ინფორმაციას, რომელიც ვიზუალურად არის გაფორმებული. ერთად შერწყმული ტექსტი და ილუსტრაცია ეხმარებათ ყურადღების კონცენტრირებასა და შინაარსის უკეთ გაგებაში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა კომპანია Microsoft-ის საოფისე პროგრამების პროდუქტი PowerPoint, რომელიც ოპერაციული სისტემა Windows-ის დაინსტალირებისას ავტომატურად იწერება ჩვენს კომპიუტერებში. ეს პროგრამა გვეხმარება გაკვეთილისათვის მოვამზადოთ სლაიდ-შოუ, სადაც ერთდროულად იქნება წარმოდგენილი ტექსტური ინფორმაცია, გრაფიკული ფაილები, ცხრილები და დიაგრამები.
ცნების რუკა ინფორმაციის ვიზუალურად ორგანიზებისა და წარმოდგენის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. იგი საშუალებას იძლევა, ერთი შეხედვით აღვიქვათ და გავიგოთ კომპლექსური ურთიერთკავშირები საგნებს, მოვლენებს, იდეებსა და ცნებებს შორის. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ კიდევ ერთ საინტერესო პროგრამას VUE, რომელიც უფასო ლიცენზირებული სამომხმარებლო პროგრამაა და შესაძლებელია მისი ინტერნეტიდან მარტივად გადმოტვირთვა. იგი გვეხმარება ასოციაციური რუკების, დიაგრამების შედგენაში, ინტერაქტიური მეთოდებით სწავლებისას. როდესაც მოსწავლეს დავალებას ამ პროგრამაში ვუმზადებთ, იგი მისთვისაც ესთეტიურად უფრო მომხიბვლელია და ჩვენთვისაც დამატებითი შრომა მოხსნილია, რადგან არ გვიწევს ფანქრით, სახაზავით და ფარგალით ხაზვა.
მოგითხრობთ კიდევ ერთ ძალზედ საინტერესო პროგრამაზე, როგორიცაა ვიდეო ფაილების ელექტრონული საცავი YouTube. ამ ელექტრონულ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ და განათავსოთ ვიდეო და აუდიოფაილები. იმისათვის, რომ რომელიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი ვიდეომასალა მოძებნოთ, ბრაუზერის მისამართების ველში აკრიფეთ www.youtube.com და მის პირველ გვერდზე მოცემულ საძიებო ველში ჩაწერეთ საკვანძო სიტყვა.
სწორედ ასე მოვიძიე ვიდეოფაილები დინოზავრების შესახებ, მეორეკლასელებისათვის. ისინი აღფრთოვანებით შესცქეროდნენ მილიონი წლის წინათ დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს, მისვამდნენ უამრავ კითხვას, აკვირდებოდნენ მათ მოძრაობას, გარეგნობას, ქცევებს. შემდეგ თავიანთი ბუკების დახმარებით, რომელიც კიდევ ერთი დიდი მიღწევაა სასწავლო პროცესის ორგანიზების, პროგრამა Paint-ში დახატეს ეს გადაშენებული ცხოველები და გამომიგზავნეს უსადენო ქსელის საშუალებით.
ყველა აქ წარმოდგენილი პროგრამა მხოლოდ ზღვაში წვეთია იმის, რა შესაძლებლობაც აქვს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და იმ შედეგებს, რომელიც მოსდევს მათ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.
ამ მეთოდების გამოყენების საუკეთესო შედეგია მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარისა თუ ფანტაზიის განვითარება, სწავლა თამაშით, რაც დაწყებით კლასის მოსწავლეებისათვის აუცილებელია ინფორმაციის ათვისების ამ ეტაპზე.
და ბოლოს, მინდა თითოულ პედაგოგს მივმართო: ავუწყოთ ფეხი დღევანდელ ცხოვრებას, ცოტა მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავზე მუშაობას, არ შეგვეშინდეს ინოვაციების, ხშირად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი, რათა მოსწავლეებისათვის გაკვეთილზე ყოფნა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი კი არ იყოს, არამედ ხალისიანი და საინტერესო.

Friday, December 27, 2013

კონკურსი "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში"

პრიზიორთა დაჯილდოვება
      კიდევ ერთი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში... ქვემოთ ნახსენებ ჩემს პოსტში, სადაც გაგაცნობდით ჩაქვში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, შესვენების დროს გამოსული ვიყავით ეზოში და სურათებს ვიღებდით. მობილურზე ხმა გამორთული მქონდა. შემთხვევით დავხედე ტელეფონს და უცხო ზარია შემოსული ორჯერ. დავრეკე და სასწაული, კიდევ ერთი გამარჯვების შესახებ მატყობინებდა ქ-ნი ნინო. არ მჯეროდა, ნამდვილად ჩემს თავს ხდებოდა ეს, თუ სიზმარში ვიყავი. ორჯერ ზედიზედ ასეთი წარმატება, ოცნებაშიც კი არ შემეძლო. ,,თქვენმა ბლოგმა გაიმარჯვა და ხართ ერთ-ერთი პრიზიორიო" - ეს სიტყვები დღესაც ჩამესმის. (დამავიწყდა მეთქვა, რომ კიდევ ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში", რომელიც ორგანიზებული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და გულისხმობდა ისტ-ის მასწავლებლების ჩართვას ამ პროექტში).
       რომ იცოდეთ ამ ბლოგის გაკეთების ისტორია, ალბათ გაგეცინებოდათ, სატირალი რომ არ იყოს. როდესაც გავიარე მეორე დონის ტრენინგი, რომლის ტრენერიც იყო უნიჭიერესი ქ-ნი თამარ რუაძე, მაშინ მოხდა ამ ბლოგის შექმნა. ავტვირთე პირველი პროექტი, შემდეგ მეორე და ა.შ. უცებ მირეკავენ, რომ დაბარებული ხართ ქ-ნ ეკა ჯელაძესთან, მასწავლებლის სახლშიო. გასაუბრებაზე წარვადგინე ჩემი ბლოგი. მაშინ არ იყო ასეთი მრავაფეროვანი, მხოლოდ პროექტები და გაკვეთილები მქონდა ატვირთული.  რაღაც პერიოდი პასიური გავხდი და ბლოგზე სიახლე აღარ დამიმატებია. როდესაც ეს კონკურსი გამოცხადდა, ვფიქრობდი როგორ განმეახლებინა ჩემი ბლოგი, რომ ყველა კრიტერიუმი დამეკმაყოფილებინა. და, ბოლო დღეებში მოვიფიქრე (ასეთი ჩვევა მაქვს, დაძაბულ სიტუაციაში უკეთესი რაღაცები მაფიქრდება ხოლმე :) მაგრამ სკოლის ინტერნეტი ძალიან ნელია, თანაც უკვე პარასკევი იყო. ჩემი ინტერნეტიც ისეთი საშინელია (არ გვაქვს სოფელში ჯერჯერობით საკაბელო ინტერნეტი) ერთი სურათის ატვირთვას მთელ საათებს ვანდომებდი. ბოლოს, ლამის თავი დავანებე, უკვე აღარ მყოფნიდა ნებისყოფა. იმ ღამეს 5 საათზე დავიძინე. ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ გამარჯვება მელოდა...
   საბედნიეროდ, დაჯიდოვებას მივუსწარი (მე ხომ ჩაქვიდან მოვდიოდი მატარებლით).
   სასიამოვნო შეხვედრა მოგვიწყეს. ბ-მა ზაზა ქარსაულიძემ ღიმილით და ძალიან თბილად მიგვიღო. ფულადი პრემიებით და დიპლომებით დაგვაჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქ-მა ლია გიგაურმა.
   პირველი ადგილი და 1000 ლარიანი ჯილდო დაიმსახურა მცხეთა მთიანეთის რ-ნი სოფ. ჩარდახის საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგმა ქ-მა მადონა დონღუზაშვილმა http://bloggermadona.wordpress.com/

    მეორე ადგილი და 800 ლარი - ქ-მა ნატო გელაშვილმა, თბილისის N87-ე საჯარო სკოლა http://natogelashvili.blogspot.com/
      მესამე ადგილი და 600 ლარი - თქვენმა მონა-მორჩილმა, ია კაპანაძემ, გურჯაანის რ-ნი სოფ. მელაანის საჯარო სკოლა http://iakokapanadze.blogspot.com/
   ასევე, მესამე ადგილის და 600 ლარიანი ჯილდოს მფლობელი გახდა მარიეტა ტოროსიანი, თბილისის N41-ე საჯარო სკოლა http://ictingeorgianschool.blogspot.com/
   ნომინაცია "მომავლის მასწავლებელი" და 300 ლარიანი პრემია დაიმსახურეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგმა ნანა ნოზაძემ http://nozadzeblogi.blogspot.com/ და ხათუნა ტაბიძემ, გორის მე-9 საჯარო სკოლა http://norchi.blogspot.com/ (წყარო http://teachers-ict.blogspot.com/ ).
   ვფიქრობ, რომ საპრიზო ადგილების გადანაწილება ძალიან ობიექტურია. ბრავო, ჟიურის!
   ზედიზედ ორი წარმატება, მართლაც რომ უფლის სასწაულია. ასეთი რაღაცები იშვიათად ხდება. უღრმესი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ! იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით! 
ესეც ჩემი დიპლომი

თურმე სასწაულებიც ხდება :)

    2013 წლის დეკემბერი, თვე, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
   ნოემბრის დასაწყისი იყო, როცა შევიტყვე ინფორმაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული პირველი ეროვნული კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" შესახებ
      ზუსტად ორი დღე მქონდა ვადა. ერთი დღე ვფიქრობდი და მეორე დღეს უკვე თემად ჩამოვაყალიბე ჩემი ნააზრევი. თემად ავირჩიე ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" (იხ. გვერდზე ჩემი დღიური) და გავუგზავნე განათლების დაწყებითი საფეხურის კოორდინატორს, - ნინო ლაბარტყავას. ფოსტაზე მომივიდა gmail-ის პასუხი, უკაცრავად და ასეთი სერვერი არ არსებობსო. რამდენჯერმე ვცადე და იგივე პასუხი მომდიოდა. თითქოს ხელი ჩავიქნიე, მაგრამ უცებ გამიელვა თავში, იქნებ თვითონ მასწავლებლის სახლის ფოსტაზე გავაგზავნო-მეთქი. მართლაც გავგზავნე იქაც და მათი ფეისბუკის გვერდზეც. მიპასუხეს: თქვენი ნამუშევარი გადაეცა სათანადო ადრესატს და გისურვებთ წარმატებებსო! გამოხარდა, თუმცა, ვფიქრობდი, რომ ჩემზე ათასჯერ უკეთესი თემები იქნებოდა და ჩემს თემას ყურადღებას არც კი მიაქცევდნენ (თვითკრიტიკული ვარ ძალიან :) დამავიწყდა კიდეც, ამ კონკურსის შესახებ, მაგრამ დადგა დეკემბერი, შუა რიცხვებია. უცებ მირეკავს ტელეფონი, საიდანაც მესმის ასეთი ტექსტი: მოგესალმებით! თქვენმა თემამ გაიმარჯვა მასწავლებელთა კონფერენციაში, გამომიგზავნეთ თქვენი პირადობა დასკანირებული და დასკვნით კონფერენციაზე მოხსენება უნდა წარადგინოთ ჩაქვში 23-25 დეკემბერსო. ბედნიერებისგან ლამის დავფრინავდი. ყველა თანამშრომელი მილოცავდა. ბავშვები სიხარულით აღსავსე თვალებით შემომცქეროდნენ. მათმა საყვარელმა მასწავლებელმა წარმატებას მიაღწია.
       თურმე სასწაულებიც ხდება...
   მოუთმენლად ველოდი გამგზავრების დღესაი, მოვიდა კიდეც 23 დეკემბერი... თბილისის რკინიგზის სადგურიდან დაიძრა მატარებელი, მასწავლებლებით სავსე ორი ვაგონით. (ამდენი ერუდირებული და განათლებული ადამიანის ერთად ნახვა დიდი იშვიათობაა :) ჩავედით ჩაქვში. უდიდესი პატივით დაგვხვდნენ. გაგვიმასპინძლდა სასტუმრო "ჩაქვი ოაზისი", რომელიც ზღვას გადაჰყურებს. ზაფხულია თუ ზამთარი, ზღვას მაინც თავისი ხიბლი აქვს. მიყვარს მისი ხმა, ქაფიანი ტალღები ნაპირზე ქვებს რომ ეხეთქებიან. საოცარი სიო გვცემს სახეში, გრძნობ, რომ სუფთაა ჰაერი.
    პირველ დღეს გვქონდა კონფერენციის გახსნა, სადაც შევიტვყვეთ, რომ 500-მდე ნამუშევრიდან ჩვენი მოხსენებები შეარჩიეს, საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების შედეგად. რაღაცნაირად თავი ამაყად ვიგრძენით. თურმე გვაფასებენ, თურმე შრომისმოყვარეობას აფასებენ...
     საოცარი იყო მეორე დღე, დატვირთული და საინტერესო. ყველა სექციას თავისი კონსულნტანტი ყავდა, რომლებიც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გვექცეოდნენ თითოეულ ჩვენგანს. ჩვენს სექციას -ნი რუსუდან თედორაძე ხელმძღვანელობდა. საოცრად თბილი და უგანათლებულესი ადამიანი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. არ დავიღლები მადლობის თქმით, რომ ასეთი შესანიშნავი შანსი მომცა, ჩამისახა იმედი ხვალინდელი დღის და ჩემი თავის.
     ყველა მასწავლებელმა ერთიმეორეზე უკეთესი და საინტერესო თემები წარმოადგინა, თითქმის მეცნიერულ დონეზე იყო განხილული მათი ნამუშევრები.
    აი, ჩემი მოხსენების დროც მოვიდა. მსმენელებს გავუზიარე ჩემი პრაქტიკული გამოცდილება, ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. მგონი ცუდად არ გამოვედი :) დავაინტერესე პედაგოგები, ჩაინიშნეს ჩემი რჩევები.
  საღამოს ოფიციალური დახურვის ცერემონია დაიწყო. დაგვაჯილდოვეს სერტიფიკატებით და 2 კრედიტ-ქულით.
      რამდენი განათლებული და ინტელექტუალი ადამიანი გავიცანი... რამდენი მეგობარი გავიჩინე... ძალიან ბედნიერი ვარ!
     25 დეკემბერია... რა მალე გავიდა ეს დღეები. შეგვპირდნენ, რომ ერთი წლის მერე კიდევ ჩატარდება ეროვნული კონფერენცია. როგორ მიხარია. ასე რომ მომავალ ეროვნულ კონფერენციამდე მეგობრებო!!!
      
ზღვა ყოველთვის ლამაზია...

ჩაქვი ოაზისი www.hoteloasis.ge




კონფერენციის გახსნა

ქ-ნი რუსუდან თედორაძე და მე








მოხსენების დროს





ჩემი სერტიფიკატი







Sunday, December 1, 2013

ჩვენ და ისტ-ი


21-ე საუკუნის ადამიანი წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. სწორედ სკოლამ უნდა შეძლოს მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია დღევანდელ ცხოვრებაში. ამ მიზანს ემსახურება დაწყებით კლასებში ისტ-ის გაკვეთილების სწავლება.
სასურველია, გაკვეთილის დაგეგმვისას, ნებისმიერი საგნის მასწავლებელი ხშირად იყენებდეს ისტ-ს, რათა მოსწავლეთათვის გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოდ აღსაქმელი გახდეს.




XI კლასი, მელაანის საჯარო სკოლა



XI კლასი, მელაანის საჯარო სკოლა



სასკოლო კლუბის ,,არქიმედეს" წევრი მოსწავლეების ერთ-ერთი შეხვედრა



პირველი კლასი, ,,ჩვენ ვსწავლობთ ბუკებით" - თიკო, ლუკა და შოთიკო




პირველი კლასი, სალომე ირომაშვილი