ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. თითქმის არ არსებობს დღე, რომ სოციალურ ქსელს არ ვესტუმრო, ან სიახლეებს არ გავეცნო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის სახლისა თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე.
21-ე საუკუნის მასწავლებელი აუცილებელია იცნობდეს და ფლობდეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა შეძლოს ეფექტური და საინტერესო გაკვეთილის ჩატარება, გააღვიძოს მოსწავლეთა ინტერესი; ამა თუ იმ თემის შესწავლა იყოს არა მოსაწყენი და ერთფეროვანი, არამედ ძალიან საინტერესო და სახალისო.
მრავალი მეთოდი არსებობს იმისათვის, რომ პედაგოგმა ისტ გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში. მაგალითად, პრეზენტაციები, ცნების რუკები, ვიდეო, გრაფიკული თუ აუდიო ფაილები.
ასეთი მიდგომა მოსწავლეთა განვითარების თითქმის ყველა ასაკში მისაღები და აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ხშირი გამოყენება გაკვეთილზე დიდ მნიშვნელობას იძენს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით - გამოწვევის ფაზაზე.
მოგახსენებთ, რომ როდესაც მე-4 კლასში ბუნებისმეტყველებაში გვქონდა გაკვეთილი გლობუსი, გამოვიყენე Google-ის ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი Google Earth. მისი საშუალებით იქმნება ილუზია, თითქოს დედამიწას ვუყურებთ კოსმოსიდან, დავათვალიერეთ დედამიწის ფორმა, ფერი, გარეგნული იერსახე. მოსწავლეებმა შეძლეს ამოეცნოთ კონტინენტები, ოკეანეები; იპოვეს საქართველო. ვირტუალურად ვიმოგზაურეთ პარიზში, რომში, ნიუ-ორკსა თუ ლონდონში.
მოვახდინე შედარება გლუბუსის ნახვისა და ამ პროგრამის საშუალებით გამოწვეულ ბავშვების ემოციას შორის. დამერწმუნეთ განსხვავება ნამდვილად დიდი იყო. მოსწავლეებს უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ დედამიწის მოდელზე. წამოიდგინეს, რომ კოსმოსში გაფრინდნენ და იქიდან აკვირდებოდნენ დედამიწას. გამოიყენეს ფანტაზია და აღფრთოვანებით საუბრობდნენ თავიანთი წარმოსახვის შესახებ.
ამ ასაკის ბავშვებში ფანტაზიის გაღვივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იგი განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აქტივობას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
დაწყებითი კლასების სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მათი შემეცნებითი პროცესების თავისებურებანი, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონირების თავისებურებებით. მარჯვენა ჰემისფერო მართავს სხეულის მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ჰემისფერო კი - მარჯვენას. გამოყოფილია თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონირების სამი ტიპი:
Ø არ არის მკვეთრად გამოხატული რომელიმე ჰემისფეროს დომინირება;
Ø დომინანტურია მარცხენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკურ და ვერბალურ აზროვნებაზე, აბსტრაგირებაზე, განზოგადებაზე, წერაზე, კითხვასა და ზეპირ მეტყველებაზე;
Ø დომინანტურია მარჯვენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია თვალსაჩინო-ხატოვან აზროვნებაზე, ფანტაზიასა და შემოქმედებითობაზე.
მარჯვენა ჰემისფეროს მომწიფება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ბავშვებთან 9-10 წლის ასაკამდე დომინანტურია მარჯვენა ნახევარსფერო. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სწავლებისას არ უნდა მოხდეს მარცხენა ჰემისფეროს გადატვირთვა. ეს მიგვიყვანს ქრონიკულ ინტელექტუალურ სტრესთან.
სწორედ ამ ფაქტორების, კვლევებისა და ფსიქოლოგების რჩევების გათვალისწინებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან აუცილებელია ამ კუთხით მუშაობა, ფანტაზიის განვითარება სხვადასხვა მეთოდებით და მათ შორის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით.
ახლა კომპიუტერისა და ინტერნეტის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობის შესახებ მინდა მოგითხროთ. ესაა საძიებო სისტემები, როგორიცაა Google, Yahoo, Bing, Aol, Search.com და სხვა. ნებისმიერ პედაგოგს, რომელიც ელემენტარულ დონეზე მაინც ფლობს ტექნოლოგიებს, შეუძლია უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოიძიოს, გაამრავალფეროვნოს გაკვეთილის გეგმა, გადმოიწეროს სხვადასხვა რესურსი. ხშირად ბიბლიოთეკაში ჭირს მოძებნო საჭირო თემა თუ საკითხი, მაგრამ ინტერნეტი და საძიებო სისტემები პედაგოგს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს აძლევს. მასწავლებლის მიერ დამატებითი ინფორმაციის გადაცემისას მოსწავლეები უფრო მეტ დაინტერესებას გამოხატავენ. ასევე, შესაძლებელია სურთების გადმოწერა და მათი საშუალებით პრეზენტაციების დამზადება. ეს კი ისევ და ისევ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის არის აუცილებელი.
საკმარისია მასწავლებელი დაჯდეს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან და შევიდეს ნებისმიერ ბრაუზერში, როგორიცაა მაგალითად, Google Chrome, Mozilla Firefox, Opera, Safari ან Internet Explorer, სამისამართო ველში ჩაწეროს www.google.com და გაიხსნება ის საოცარი გვერდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიოთ და ჩვენ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გავხადოთ.
მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ ინფორმაციას, რომელიც ვიზუალურად არის გაფორმებული. ერთად შერწყმული ტექსტი და ილუსტრაცია ეხმარებათ ყურადღების კონცენტრირებასა და შინაარსის უკეთ გაგებაში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა კომპანია Microsoft-ის საოფისე პროგრამების პროდუქტი PowerPoint, რომელიც ოპერაციული სისტემა Windows-ის დაინსტალირებისას ავტომატურად იწერება ჩვენს კომპიუტერებში. ეს პროგრამა გვეხმარება გაკვეთილისათვის მოვამზადოთ სლაიდ-შოუ, სადაც ერთდროულად იქნება წარმოდგენილი ტექსტური ინფორმაცია, გრაფიკული ფაილები, ცხრილები და დიაგრამები.
ცნების რუკა ინფორმაციის ვიზუალურად ორგანიზებისა და წარმოდგენის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. იგი საშუალებას იძლევა, ერთი შეხედვით აღვიქვათ და გავიგოთ კომპლექსური ურთიერთკავშირები საგნებს, მოვლენებს, იდეებსა და ცნებებს შორის. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ კიდევ ერთ საინტერესო პროგრამას VUE, რომელიც უფასო ლიცენზირებული სამომხმარებლო პროგრამაა და შესაძლებელია მისი ინტერნეტიდან მარტივად გადმოტვირთვა. იგი გვეხმარება ასოციაციური რუკების, დიაგრამების შედგენაში, ინტერაქტიური მეთოდებით სწავლებისას. როდესაც მოსწავლეს დავალებას ამ პროგრამაში ვუმზადებთ, იგი მისთვისაც ესთეტიურად უფრო მომხიბვლელია და ჩვენთვისაც დამატებითი შრომა მოხსნილია, რადგან არ გვიწევს ფანქრით, სახაზავით და ფარგალით ხაზვა.
მოგითხრობთ კიდევ ერთ ძალზედ საინტერესო პროგრამაზე, როგორიცაა ვიდეო ფაილების ელექტრონული საცავი YouTube. ამ ელექტრონულ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ და განათავსოთ ვიდეო და აუდიოფაილები. იმისათვის, რომ რომელიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი ვიდეომასალა მოძებნოთ, ბრაუზერის მისამართების ველში აკრიფეთ www.youtube.com და მის პირველ გვერდზე მოცემულ საძიებო ველში ჩაწერეთ საკვანძო სიტყვა.
სწორედ ასე მოვიძიე ვიდეოფაილები დინოზავრების შესახებ, მეორეკლასელებისათვის. ისინი აღფრთოვანებით შესცქეროდნენ მილიონი წლის წინათ დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს, მისვამდნენ უამრავ კითხვას, აკვირდებოდნენ მათ მოძრაობას, გარეგნობას, ქცევებს. შემდეგ თავიანთი ბუკების დახმარებით, რომელიც კიდევ ერთი დიდი მიღწევაა სასწავლო პროცესის ორგანიზების, პროგრამა Paint-ში დახატეს ეს გადაშენებული ცხოველები და გამომიგზავნეს უსადენო ქსელის საშუალებით.
ყველა აქ წარმოდგენილი პროგრამა მხოლოდ ზღვაში წვეთია იმის, რა შესაძლებლობაც აქვს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და იმ შედეგებს, რომელიც მოსდევს მათ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.
ამ მეთოდების გამოყენების საუკეთესო შედეგია მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარისა თუ ფანტაზიის განვითარება, სწავლა თამაშით, რაც დაწყებით კლასის მოსწავლეებისათვის აუცილებელია ინფორმაციის ათვისების ამ ეტაპზე.
და ბოლოს, მინდა თითოულ პედაგოგს მივმართო: ავუწყოთ ფეხი დღევანდელ ცხოვრებას, ცოტა მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავზე მუშაობას, არ შეგვეშინდეს ინოვაციების, ხშირად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი, რათა მოსწავლეებისათვის გაკვეთილზე ყოფნა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი კი არ იყოს, არამედ ხალისიანი და საინტერესო.
No comments:
Post a Comment